ოპერატიული მეხსიერების (RAM), ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების overclocking, შეიცავს გარკვეულ რისკებს და მოითხოვს საკითხის ზუსტ ცოდნას და გარკვეულ გამოცდილებას. თუმცა, არსებობს უფრო მარტივი და უსაფრთხო გზა – XMP პროფილის ჩართვა იმ მეხსიერების მოდულებისთვის, რომლებიც ამ ტექნოლოგიას მხარს უჭერენ.

Intel Extreme Memory Profile (XMP) არის DDR3 და უფრო თანამედროვე ოპერატიული მეხსიერების გაფართოებული ტექნოლოგია, რომელიც ავტომატურად განსაზღვრავს ოპტიმალურ სიჩქარეს, ტაიმინგებსა და ძაბვას, რათა მეხსიერებამ მაქსიმალური ეფექტიანობით იმუშაოს.

რა არის XMP მეხსიერების პროფილი?

ტექნოლოგიური გადაწყვეტილება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აირჩიონ მეხსიერების (RAM)  ერთ-ერთი წინასწარ კონფიგურირებული წარმადობის პროფილი. ანუ Overclocking ხდება რისკის და რთული პარამეტრების კონფიგურაციის საჭიროების გარეშე.

ოპერატიული მეხსიერების მოდულებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიას უჭერენ მხარს, გააჩნიათ მიკროსქემა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით (Firmware), სადაც მწარმოებლის მიერ ჩაწერილია რამდენიმე პროფილი – სხვადასხვა სიხშირისა და ტაიმინგების კომბინაციით.

ნაგულისხმევად, სისტემა ავტომატურად ირჩევს ოპტიმალურ პროფილს, თუმცა მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს ის და აირჩიოს უფრო მაღალი წარმადობის ან დაბალი ლატენტურობის (ტაიმინგების) პროფილი, რომელიც უფრო შესაფერისი იქნება ამ მომხმარებლის წინაშე მდგარი ამოცანებისთვის.

მხარს უჭერს თუ არა ჩემი ოპერატიული მეხსიერება XMP-ს?

ოპერატიული მეხსიერების (RAM) თანამედროვე მოდულების უმეტესობა, დაწყებული DDR3-დან, მხარს უჭერს XMP სტანდარტს

თუ გსურთ გადაამოწმოთ, უჭერს თუ არა თქვენი RAM XMP-ს, შეგიძლიათ გამოიყენოთ CPU-Z პროგრამა.

  1. გადმოწერეთ და გაუშვით CPU-Z.
  2. გადადით SPD (Serial Presence Detect) ჩანართზე.
  3. მოძებნეთ “SPD Ext.” (Extended Profile) ველი.
  4. თუ XMP მხარდაჭერილია, აქ იქნება მითითებული XMP 2.0, XMP 3.0 ან XMP 3.1.

თუ ეს ველი ცარიელია, გამოდის რომ თქვენი ოპერატიული მეხსიერება ამ ტექნოლოგიას არ უჭერს მხარს, ან რაც უფრო მოსალოდნელია BIOS/UEFI-ში XMP-ის ჩართვა შეუძლებელია. შესაძლებელია კომპიუტერის დედაპლატას არ აქვს შესაბამისი ფუნქცია ან საქმე გვაქვს ლეპტოპთან, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ უჭერს მხარს მსგავს აჩქარებას. გადაამოწმეთ თქვენი ოპერატიულის და დედაპლატის/ლეპტოპის ოფიციალური მახასიათებლები.

როგორ ჩავრთოთ ან გამოვრთოთ XMP

XMP-ის ჩართვა, გამორთვა ან პროფილის შეცვლა შესაძლებელია BIOS/UEFI-ს მეშვეობით. ზუსტი პროცესი დამოკიდებულია თქვენი დედაპლატის მოდელზე, ამიტომ მიმართეთ თქვენი დედაპლატის ოფიციალურ დოკუმენტაციას. ჩვენ კი შევეცდებით გაჩვენოთ XMP-ის ჩართვის დაახლოებითი სქემა.

XMP-ის ჩართვა ASUS დედაპლატებზე:

  1. გადატვირთეთ კომპიუტერი და შედით BIOS/UEFI-ში (ჩართვისას დააჭირეთ Del ან F2 ღილაკს).
  2. თუ BIOS გაიხსნა EZ Mode-ში, დააჭირეთ F7 Advanced Mode-ში გადასასვლელად.
  3. გადადით Ai Tweaker (ან Extreme Tweaker) განყოფილებაში.
  4. მოძებნეთ Ai Overclock Tuner და შეცვალეთ პარამეტრი:
    • XMP I – გამოიყენებს მწარმოებლის ნაგულისხმევ XMP პროფილს,
    • XMP II – გამოიყენებს XMP პროფილს, მაგრამ დედაპლატის სპეციფიკურ ოპტიმიზაციებთან ერთად.
  5. შეინახეთ ცვლილებები (დააჭირეთ F10, შემდეგ Yes).

XMP-ის გამორთვა  Asus-ზე

თუ გსურთ XMP-ის გამორთვა, Ai Overclock Tuner-ის პარამეტრი დააყენეთ “Auto” ან “Disabled”-ზე.

ეს დააბრუნებს ოპერატიულ მეხსიერებას სტანდარტულ სიხშირეზე.

დედაპლატის სხვა მწარმოებლების მაგალითი

Gigabyte დედაპლატებზე XMP პროფილების პარამეტრები შეგიძლიათ მოიძიოთ:

  • Advanced Mode → Tweaker → Extreme Memory Profile,
    ან
  • M.I.T. → Advanced Memory Settings → Extreme.

MSI დედაპლატებზე XMP-ის მართვა მდებარეობს Game Boost განყოფილებაში.

ASRock დედაპლატებზე XMP პროფილების ჩართვა შესაძლებელია OC Tweaker → Load XMP Setting მენიუში.

რომელი XMP პროფილი უზრუნველყოფს საუკეთესო წარმადობას?

თუ საკითხს მარტივად მივუდგებით, საუკეთესო overclocking ეფექტი უნდა უზრუნველყოს იმ პროფილმა, რომელსაც ყველაზე დაბალი ტაიმინგები და მაღალი სიხშირე აქვს.  თუმცა საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება კონკრეტული კომპიუტერის კონფიგურაციასა და კომპონენტების შესაძლებლობებზე და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ტესტირებას საჭიროებს.

ერთადერთი, რაც მწარმოებლის მიერ ჩაშენებული XMP პროფილების ჩართვა გარანტირებულად უზრუნველყოფს, არის სისტემის სტაბილურობა და კომპონენტების უსაფრთხოება.