VPN ანუ “ვირტუალური კერძო ქსელი” (Virtual Private Network) გაძლევთ საშუალებას შექმნათ და გამოიყენოთ დაცული ქსელი საჯარო ქსელების (პირველ რიგში ინტერნეტის) გამოყენებისას.
VPN შიფრავს თქვენს პირად მონაცემებს და შეუძლია ასევე დაფაროს თქვენი რეალური IP მისამართი საჯარო ქსელში. VPN არის ინტერნეტში კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილება. VPN-ის გამოყენების შემთხვევაში, თქვენი ინტერნეტ პროვაიდერი (ISP) (ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მესამე მხარე) ვერ ხედავს, რომელ ვებსაიტებზე შედიხართ ან ზოგადად რა მონაცემებს აგზავნით და იღებთ ინტერნეტში.
კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების უპირატესობების გარდა, VPN გაძლევთ საშუალებას მიიღოთ წვდომა ე. წ. რეგიონალურ რესურსებზე. არსებობს შემთხვევები, როდესაც რაიმე ვებსაიტი/ვებ სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტული რეგიონ(ებ)ისთვის ან ქვეყნ(ებ)ისთვის და მისი გამოყენება შეუძლებელია საქართველოდან (“გეოშეზღუდვა”). შესაბამისი VPN სერვის პროვაიდერის არჩევისას, თქვენ “მოხვდებით” იმ რეგიონში და ქვეყანაში და შესძლებთ ეწვიოთ ამდაგვარი შეზღუდვების მქონე ვებსაიტს.
VPN-ის ტიპები
არსებობს სხვადასხვა ტიპის VPN, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის. როგორც წესი საქმე გვაქვს შემდეგი ტიპის VPN-ებთან.
Personal VPN
პერსონალური VPN (რომელსაც ასევე სამომხმარებლო ან კომერციულ VPN-ს უწოდებენ) VPN სერვერის გავლით აკავშირებს მომხმარებლებს ინტერნეტთან. მისი მთავარი მიზანია მომხმარებლის ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვა და გეოშეზღუდვებისთვის გვერდის ავლა.
ვინაიდან ასეთი VPN განკუთვნილია პირადი გამოყენებისთვის, ის შეფუთულია მარტივი ინტერფეისის მქონე აპლიკაციებში და ხელმისაწვდომია სხვადასხვა მოწყობილობებზე, როგორიცაა კომპიუტერები, ლეპტოპები, სათამაშო კონსოლები და სმარტფონები. Personal VPN, როგორც წესი, ყოველთვის “მალავს” მომხმარებლის IP მისამართს.
Personal VPN სერვისები როგორც წესი სრულიად ან ნაწილობრივ ფასიანია. პირადი VPN სერვისების მაგალითებია HolaVPN, NordVPN, ExpressVPN და Surfshark.
ბრაუზერ Opera-ს მაგალითად აქვს ჩაშენებული უფასო VPN სერვისი.
Remote Access VPN
Remote Access VPN მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ სახლის ან სამსახურის ლოკალურ ქსელს. ამ ტიპის VPN ჩვეულებრივ გამოიყენება თანამშრომლების მიერ მათი კომპანიის საოფისე ქსელთან უსაფრთხოდ დასაკავშირებლად და მის მონაცემებსა და რესურსებზე წვდომისთვის.
Remote Access VPN გამოყენებით სახლიდან მომუშავე თანამშრომლებს შეუძლიათ თავიანთ სამუშაო ფაილებთან წვდომა ისე თითქოს ფიზიკურად იმყოფებიან ოფისში. კავშირის დაშიფვრა იცავს კომპანიის მგრძნობიარე მონაცემებს საჯარო Wi-Fi-ის გამოყენების შემთხვევაშიც. ასეთი VPN-ის დროს IP შეიძლება “დაიმალოს” ან არ “დაიმალოს”, გააჩნია როგორ დააკონფიგურირებს VPN-ს ქსელის ადმინისტრატორი.
Site-to-Site VPN
ამ ტიპის VPN აერთიანებს ორ ქსელს სხვადასხვა ადგილას. მაგალითად, თუ კომპანიას აქვს ორი ოფისი სხვადასხვა ქალაქში, VPN-ს შეუძლია ამ ორი ოფისის LAN-ს ერთმანეთთან წვდომა დაუშვას.
როგორ მუშაობს VPN?
როდესაც მოწყობილობაზე VPN გააქტიურებულია, მოწყობილობის ყველა მოთხოვნა გადის დაშიფრული გვირაბით. მოთხოვნის დამუშავების შემდეგ, უკან დასაბრუნებელი მონაცემები გადის იმავე დაშიფრული VPN კავშირისა და მარშრუტიზაციის პროცესს.
VPN-ის გამოყენებისას, ინტერნეტ კავშირი კვლავ გადის ინტერნეტ სერვის პროვაიდერზე. თუმცა, ვინაიდან კავშირი დაშიფრულია ISP ვეღარ ხედავს უშუალო მონაცემებს. მან უბრალოდ იცის, რომ კავშირი VPN-ის მეშვეობით ხდება.
იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ, თუ როგორ მუშაობს ვირტუალური კერძო ქსელი, გადახედეთ რამდენიმე ძირითად პროცესს, რომელსაც ასრულებს VPN
- Remote Gateway. პროქსის მსგავსად, VPN-ს შეუძლია დამალოს თქვენი IP მისამართი და ადგილმდებარეობა ანონიმურობის გასაზრდელად. ვებსაიტები, რომლებსაც სტუმრობთ, ხედავენ მხოლოდ VPN სერვერის (Remote Gateway) IP მისამართს და მდებარეობას.
- ავთენტიფიკაცია. ავთენტიფიკაციის პროცესი უზრუნველყოფს, რომ თქვენი VPN კლიენტი უკავშირდება მხოლოდ საჭირო VPN სერვერს.
- “გვირაბის გაყვანა” VPN კავშირი ააქტიურებს დაშიფრულ გვირაბს (tunnel) ქსელური ტრაფიკისთვის. ეს პროცესი ათავსებს მონაცემთა თითოეულ პაკეტს სხვა მონაცემთა პაკეტში, რაც ართულებს გარე პირების მიერ მის წაკითხვას.
- დაშიფვრა. ბევრი ვებსაიტი, რომელიც იყენებს SSL/TLS ან HTTPS სერთიფიკატს , დაშიფვრას თქვენს მოწყობილობასა და სამიზნე სერვერს შორის გაცვლილ მონაცემებს. თუმცა, ეს დაშიფვრა შემოიფარგლება მხოლოდ უშუალო ვებსაიტთან ურთიერთობით. VPN კი შიფრავს მთელ ტრაფიკს. ბევრი VPN პროვაიდერი იყენებს სამხედრო კლასის დაშიფვრას, რომლის გაშიფვრა ვინმეს მიერ თითქმის შეუძლებელია.
საბოლოო ჯამში VPN-ს მისი სახეობიდან გამომდინარე შეუძლია დაიცვას ერთი ან ყველა ქვემოთმოცემული ინფორმაცია
- თქვენი გარე IP მისამართი . გარე IP მისამართის მეშვეობით შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის დადგენა, როგორიცაა თქვენი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი, ქვეყანა, ქალაქი ან თუნდაც სახლის მისამართი. VPN ნიღბავს თქვენს IP მისამართს საკუთარი მისამართით
- მდებარეობა. მაგალითად, თუ თქვენ იმყოფებით საქართველოში, მაგრამ VPN სერვერთან ხართ დაკავშირებული გერმანიაში, ვებსაიტი ან სხვა სერვისი იფიქრებს, რომ თქვენი რეალური ადგილსამყოფელი გერმანიაშია.
- ძიების და დათვალიერების ისტორია. იმის გამო, რომ თქვენი ტრაფიკი მოგზაურობს დაშიფრული VPN გვირაბით, თქვენი ISP ან სხვა პირები ვერ იგებენ რას ეძებთ და ათვალიერებთ ონლაინ.
რატომ უნდა გამოიყენოთ VPN სერვისი
როგორც უკვე ვთქვით VPN სასიცოცხლოდ აუცილებელია სხვადასხვა ბიზნესისთვის. ფიზიკურ პირს კი ანონიმურობის დონის გაზრდის გარდა VPN შეიძლება გამოადგეს შემდეგ სცენარებში:
- დაუცველი Wi-Fi ქსელის გამოყენება. თქვენ უნდა გამოიყენოთ VPN, როდესაც ხართ დაკავშირებული უფასო Wi-Fi-თან. VPN ხელს უშლის უცნობ ქსელის ადმინისტრატორს და ქსელში მყოფ შესაძლო კიბერდამნაშავეებს წაიკითხონ და მოიპარონ თქვენი მონაცემები.
- Მოგზაურობა. VPN საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თქვენთვის ჩვეული ადგილობრივი ინფორმაცია, თუნდაც სხვა ქვეყანაში ყოფნისას.
- ონლაინ თამაში. ზოგიერთი თამაში ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებში. VPN-ის გამოყენება მოგიხსნით ამ შეზღუდვებს.
- შოპინგი. VPN-ით, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ფასების დისკრიმინაცია და მიიღოთ საუკეთესო გარიგება თქვენი შესყიდვებისთვის.
Leave A Comment