Windows Insider Program-ის დანიშნულება
Windows Insider Program არის Microsoft-ის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უფასოდ გამოსცადონ Windows ოპერაციული სისტემების ადრეული ვერსიები. მონაწილეები უზრუნველყოფენ უკუკავშირს, რაც ხელს უწყობს საბოლოო პროდუქტის გაუმჯობესებას, მას უფრო სტაბილურს და ფუნქციურად მდიდარს ხდის. პროგრამა განკუთვნილია ენთუზიასტებისთვის, დეველოპერებისთვის, IT პროფესიონალებისთვის და სხვა მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ გამოსცადონ ახალი ფუნქციები და განახლებები, მანამ სანამ ისინი ოფიციალურად გამოვა.
Windows Insider პროგრამას გარკვეული რისკებიც გააჩნია:
- შეცდომები და არასტაბილურობა: Insider build-ები არის წინასწარი გამოშვების პროგრამული უზრუნველყოფა და შეიძლება შეიცავდეს შეცდომებს და გამოიწვიოს სისტემის წარმადობის დავარდნა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს კომპიუტერის ჩვეულებრივ გამოყენებას.
- მონაცემების დაკარგვა: სისტემის შესაძლო არასტაბილურობიდან გამომდინარე არსებობს მონაცემების დაკარგვის მცირე ალბათობა. მნიშვნელოვანია გქონდეთ ინფორმაციის სარეზერვო ასლები.
თუ კომპიუტერს იყენებთ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის და გჭირდებათ სტაბილური სისტემა ჯობია არ გამოიყენოთ Insider build. ტესტირებისთვის გამოიყენეთ სხვა კომპიუტერი ან ვირტუალური მანქანა
Windows Insider პროგრამა ხელმისაწვდომია Windows 10 და 11-სთვის. თუმცა პრაქტიკულად აქტუალურია მხოლოდ Windows 11-ის შემთხვევაში.
არხები
Windows Insider პროგრამა დაყოფილია სამ არხად: დეველოპერის არხი, ბეტა არხი და Release Preview არხი. Microsoft იყენებს ტერმინ “flight” Insider build-ების გამოყენებასთან და ტესტირებასთან დაკავშირებული პროცესის აღსაწერად.
Developer Channel
ცნობილია როგორც “Bleeding Edge”. დეველოპერის არხი ყველაზე ხშირად განახლებადი და შესაბამისად, ყველაზე არასტაბილურია. ეს არხი იდეალურია მათთვის, ვინც სიამოვნებით ცდის უახლეს ფუნქციებს, მიუხედავად ხშირი შეცდომებისა და არასტაბილურობისა. საუკეთესოა ტექნიკურად განათლებული მომხმარებლებისთვის, რომლებიც მარტივად აგვარებენ პროგრამულ პრობლემებს. არ არის რეკომენდებული როგორც ძირითადი ოპერაციული სისტემა ყოველდღიური გამოყენებისთვის.
Beta Channel
ბეტა არხი უფრო სტაბილურია დეველოპერის არხთან შედარებით. ის შეიცავს უფრო სანდო განახლებებს. ეს არხი შექმნილია იმისთვის, რომ Microsoft-მა მიიღოს მომხმარებელთა უკუკავშირი ახალი ფუნქციებისა და განახლებების თაობაზე. არხი უზრუნველყოფს ბალანსს, ადრეულ წვდომასა და სტაბილურობას შორის.
Release Preview Channel
ყველაზე სტაბილური არხი Insider პროგრამაში. არხი შეიცავს ფუნქციებს, რომლებიც უკვე კარგადაა დატესტილი და თითქმის მზად არიან ოფიციალურად გამოსაყენებლად. ეს არხი შესაფერისია მათთვის, ვისაც სურს გამოიყენოს სისტემა ყოველდღიური ამოცანებისთვის. თუმცა შეიძლება არსებობდეს გარკვეული თავსებადობის პრობლემები მესამე მხარის პროგრამულ უზრუნველყოფასთან.
როგორ გავწევრიანდეთ Windows Insider პროგრამაში?
გაწევრიანების წინ აიღეთ თქვენი სისტემის სარეზერვო ასლი. გაითვალისწინეთ რომ Windows Insider პროგრამიდან გარანტირებულად გამოსასვლელად შეიძლება დაგჭირდეთ სისტემის გადაყენება ან აღდგენა. ამიტომაც კიდევ ერთხელ გირჩევდით Windows Insider-ის გამოყენებას ცალკე კომპიუტერზე ან ვირტუალურ მანქანაში.
პროგრამაში გაწევრიანებისთვის:
- გადადით Settings > Windows Update > Windows Insider Programm
- დააჭირეთ “Get Started” და მიუთითეთ თქვენი Microsoft-ის ანგარიში
გაწევრიანების პროცესის დამთავრების შემდეგ Windows-ში სტარტში მოძებნეთ Windows Insider Program Settings და აირჩიეთ Insider არხი, რომელიც შეესაბამება სტაბილურობაზე და ახალი ფუნქციებთან წვდომაზე თქვენს მოლოდინებს.
Windows Insider Program-დან გამოსვლა
თუ თქვენ აირჩიეთ Dev არხი, გამოსვლის ერთადერთი გზაა სისტემის გადაყენება ან წინა სისტემის ბექაფის აღდგენა. თუ აირჩიეთ Beta Channel ან Release Preview Channel მაშინ შეგიძლიათ გათიშოთ Insider განახლება და დაელოდოთ როდის გახდება Windows თქვენი ვერსია სტაბილური. ამას შეიძლება რამდენიმე დღე, კვირა ან თვეც დასჭირდეს. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვათ იმას, რომ Insider-ის დატესტვა სჯობს ცალკე სატესტო კომპიუტერზე ან ვირტუალურ მანქანაში.
Leave A Comment