ბევრმა ვებსაიტმა დაიწყო სურათების ახალი, WebP, ფორმატის გამოყენება. დღევანდელ სტატიაში ჩვენ აგიხსნით თუ რა არის WebP და რატომ შეიძლება იყოს ის უფრო ეფექტიანი ვიდრე გამოსახულების ალტერნატიული ფორმატები. ჩვენ განვიხილავთ მის უპირატესობებს და ნაკლოვანებებს, და კომპიუტერში მისი შენახვის გზებს

WebP არის Google-ის მიერ  On2 Technologies-ის შეძენის შედეგად შექმნილი ფორმატი.  VP8 ვიდეო კოდეკზე დაფუძნებული, WebP გთავაზობთ  მაღალი ხარისხის სურათებს უფრო მცირე ზომით, ვიდრე PNG ან JPEG შემთხვევაში. Webp თავის თავში აერთიანებს და აუმჯობესებს JPEG და PNG ფორმატების საუკეთესო მხარეებს. ის უზრუნველყოფს სურათების lossy და lossless შეკუმშვას.

სურათის ფაილის ზომის ოპტიმიზაცია აუცილებელია ვებ-საიტების მუშაობის ასაჩქარებლად. WebP ახერხებს ამას სურათის ხარისხის შეწირვის გარეშე, რაც მას შესაფერის ფორმატად აქცევს მრავალი ვებსაიტისთვის.

შედარება JPEG-თან და GIF-თან

JPEG (ან JPG) შესანიშნავია  ფერადი სურათებისთვის. თუმცა, JPEG  ფაილები იყენებენ lossy  შეკუმშვას, რაც ნიშნავს, რომ სურათის რედაქტირებისას ან ხელახლა ატვირთვისას მოხდება ხარისხის დაკარგვა. ამ ფორმატის კიდევ ერთი მინუსი არის ის, რომ მას არ აქვს გამჭვირვალობის ან ანიმაციის მხარდაჭერა.

მეორეს მხრივ, PNG შესანიშნავია გამოსახულების მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად მისი უდანაკარგო შეკუმშვის გამო. ეს ფორმატი უხდება მძიმე ინფოგრაფიკასაც. PNG ასევე მხარს უჭერს გამჭვირვალობას, რაც მას იდეალურს ხდის ვებ დიზაინის ელემენტებისა და ლოგოებისთვის. სამწუხაროდ, PNG ფაილების ზომა დიდია და არ უჭერს მხარს ანიმაციას.

WebP-ს გააჩნია ორივე ფორმატის საუკეთესო თვისებები. რაც მთავარია, ის გვთავაზობს ფაილის დაახლოებით 25-34%-ით პატარა ზომას PNG ან JPEG SSIM ხარისხის ინდექსით.

უპირატესობები

WebP სურათების გამოყენების ოთხი ძირითადი უპირატესობაა:

  • ზრდის საიტის ჩატვირთვის სიჩქარეს. WebP ფორმატი უფრო მსუბუქია JPEG და PNG-თან შედარებით. სურათის ფაილის მცირე ზომა კი ამცირებს საიტის ჩატვირთვისთვის საჭირო ტრაფიკს,  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალი სურათის მქონე ვებსაიტებისთვის, როგორიცაა საკვები, მოგზაურობა ან ფოტოგრაფიის ბლოგები.
  • ზრდის საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას (SEO). გვერდის სიჩქარის გაზრდა უფრო მსუბუქი სურათების ხარჯზე დადებითად მოქმედებს საიტის რეიტინგზე საძიებო სისტემებში, როგორიცაა Google.
  • მაღალი ხარისხის სურათების ჩვენება. თქვენ არ გჭირდებათ სურათის ხარისხის შემცირება. WebP-ით, შეგიძლიათ გქონდეთ მცირე ზომის მაგრამ მაღალი ხარისხის სურათბი და გააუმჯობესოთ თქვენი საიტის მომხმარებლის გამოცდილება.
  • აჩვენოთ სხვადასხვა ტიპის სურათები. WebP მხარს უჭერს როგორც გამჭვირვალე, ასევე ანიმაციურ სურათებს.

ნაკლოვანებები

ახალი ფორმატის აქილევსის ქუსლია პროგრამების მიერ მისი მხარდაჭერა. უნდა ითქვას, რომ ყველა ძირითადი ბრაუზერი უკვე უჭერს მხარს WebP-ს. 2020 წელს ამ სიას Safari-ც დაემატა.

ბრაუზერებთან შედარებით შედარებით ცუდია მდგომარეობა გრაფიკულ რედაქტორებში. ასე მაგალითად Photoshop 2023 წლამდე მხარს არ უჭერდა WebP ფორმატს. ამიტომ თუ ფოტოშოპის უფრო ძველი ვერსიის ერთგული მომხარებელი ხართ საჭირო გახდება შესაბამისი ედონის დაყენება.

 

როგორ შევინახოთ?

მიუხედავად იმისა, რომ WebP მრავალი თვალსაზრისით აღემატება PNG და JPEG ფორმატებს, არსებობს მიზეზები, რის გამოც შეიძლება დაგჭირდეთ სურათების შენახვა JPEG ან PNG სახით.

მაგალითად, თუ თქვენი გრაფიკული რედაქტორი არ უჭერს მხარს WebP-ს, დაგჭირდებათ სურათის JPEG ან PNG ვერსია. ამისთვის არსებობს რამდენიმე მეთოდი:

  • გამოიყენეთ სხვა ბრაუზერი, რომელსაც არ აქვს WebP მხარდაჭერა. ბრაუზერი აჩვენებს სურათის JPEG ან PNG ვერსიას და შეგიძლიათ ჩვეულებრივად შეინახოთ იგი.
  • გამოიყენეთ Microsoft Paint. თუ იყენებთ Windows-ს  გახსენით შენახული WebP სურათიMicrosoft Paint-ით. გადადით File->Save as. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფორმატი.
  • გამოიყენეთ ონლაინ სერვისები. შეინახეთ WebP გამოსახულება თქვენს კომპიუტერში და გადააკეთეთ იგი ონლაინში ისეთი ხელსაწყოს გამოყენებით, როგორიცაა CloudConvert.

დასკვნა

WebP არის ახალი თაობის გამოსახულების ფორმატი, რომელიც უმჯობესია მის წინამორბედებზე ის გთავაზობთ შეკუმშვის მოწინავე ტექნოლოგიებს, რაც გამოსახულებას უნარჩუნებს ხარისხს მცირე ზომის ფაილის პირობებშიც.