ქსელურ მოწყობილობებში გამოიყენება სხვადასხვა იდენტიფიკატორი. ასე მაგალითად, ქსელური ინტერფეისის ბარათებს (NIC) აქვთ მწარმოებელი კომპანიის მიერ მინიჭებული უნიკალური Media Access Control (MAC) მისამართი, ხოლო ცალკეულ კომპიუტერებს აქვთ  ოპერაციული სისტემის მიერ მინიჭებული ჰოსტის მისამართები (hostname).

ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართის იდენტიფიკატორის მინიჭება თავდაპირველად ქსელური ან სისტემური ადმინისტრატორის მიერ ხელით და სტატიკურად ხდებოდა. ქსელების ზრდასთან ერთად ასეთი მეთოდის გამოყენება რთულდება. სწორედ ამიტომ ქსელების უმრავლესობაში დანერგილია DHCP.

DHCP vs. Static IP Address Configuration

IP მისამართის სტატიკური კონფიგურაცია ნიშნავს, რომ ადმინისტრატორი კლიენტს კონკრეტულ IP მისამართს ხელით ანიჭებს და საჭიროებისას  ხელითვე უცვლის. თუ ისე მოხდა, რომ იგივე მისამართი  ქსელში არსებულ სხვა კლიენტსაც ექნება მოხდება IP მისამართების კონფლიქტი.

IP მისამართის დინამიური კონფიგურაცია ნიშნავს, რომ IP მისამართი კლიენტს ენიჭება დროებით, მისი მოთხოვნის შესაბამისად. თუ კლიენტი დროულად არ მოითხოვს თავისი IP მისამართის ხელახლა დადასტურებას ეს IP მისამართი შეიძლება მიენიჭოს სხვა კლიენტს.

ადმინისტრატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ რიგი ქსელური მოწყობილობისთვის საჭიროა სტატიკური IP მისამართები. ასეთებია

  • სერვერები
  • Routers
  • Switches
  • Firewalls და proxies
  • პრინტერები

IP მისამართის სტატიკური კონფიგურაცია Windows კლიენტზე

მოწყობილობები, რომელთათვისაც ზედგამოჭრილია DHCP სერვისი

  • დესკტოპ კომპიუტერები
  • ლეპტოპები
  • ტაბლეტები
  • სმარტფონები
Search in sidebar query

IP მისამართის დინამიური კონფიგურაცია Windows კლიენტზე

როგორ მუშაობს DHCP?

DHCP სერვისს  აქვს ორი მონაწილე მხარე:

  • სერვერი (მცირე ქსელებში DHCP სერვერის როლს ასრულებს როუტერი)
  • კლიენტი (ნებისმიერი მოწყობილობა, რომელსაც ჭირდება IP მისამართი: კომპიუტერი, ტელეფონი, ტაბლეტი, ნოუთბუქი და ა.შ.)

Dynamic Host Configuration Protocol (DHCP) სერვისს გააჩნია თავისუფალი IP მისამართების სია საიდანაც  დინამიურად გასცემს IP მისამართებს.  კლიენტებს თავის მხრივ აქვთ  client-side სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს DHCP სერვერისგან IP მისამართის კონფიგურაციის მოთხოვნას. სწორედ ამ მოთხოვნის საფუძველზე ანიჭებს სერვერი კლიენტს IP მისამართს. მთელ ეს პროცესს  სულ რამდენიმე წამს იკავებს.

DHCP -ს მიერ გაცემული კონფიგურაცია შეიძლება შეიცავდეს:

  • IP address and subnet mask – სავალდებულო ინფორმაციას წარმოადგენს
  • Default Gateway: იმ როუტერის IP მისამართი, რომელიც უზრუნველყოფს კლიენტის დაკავშირებას ქსელის სხვა სეგმენტებთან  (ასეთი მისამართის გარეშე კომპიუტერი მხოლოდ შიდა ქსელს დაუკავშირდება თავის საბნეტში და ინტერნეტშიც კი ვერ გავა).
  • DNS სერვერი: Domain Name System (DNS)  სერვერის მისამართი.
  • Lease time (იჯარის ხანგრძლივობა):  DHCP სერვერის მიერ გაცემული IP მისამართის იჯარის ხანგრძლივობა. ჩვეულებრივ იზომება საათებში ან დღეებში.

DHCP-ის მნიშვნელობა კომპიუტერულ ქსელში

DHCP არის  TCP/IP ქსელების მნიშვნელოვანი სერვისი, რადგანაც ის:

  • ამცირებს კონფიგურაციის შეცდომებს
  • საშუალებას აძლევს კლიენტებს ავტომატურად მიიღონ IP მისამართები ადმინისტრატორის ჩარევის გარეშე
  • IP მისამართის რეცირკულაციას უწყობს ხელს

გარდა ამისა, თუ  რაიმე შეიცვალა ქსელის მთლიან არქიტექტურაში (მაგალითად შეიცვალა default gateway ან DNS სერვერები) ადმინისტრატორი ცვილებას შეიტანს მხოლოდ DHCP სერვერის კონფიგურაციაში  და კლიენტები ავტომატურად მიიღებენ განახლებებს. ერთი სერვერის კონფიგურაციის ცვლილება ბევრად უფრო მარტივია ვიდრე 100 კომპიუტერზე კონფიგურაციის ხელით განახლება.

IP მისამართის იჯარის (lease) პროცესი

კლიენტის მიერ DHCP სერვერისგან IP მისამართის კონფიგურაციის მოთხოვნის  პროცესს Lease (იჯარა) ეწოდება. ეს პროცესი შედგება ოთხი ეტაპისგან:

  1. Discover (აღმოჩენა): კლიენტი ავრცელებს მოთხოვნას DHCP სერვერის მოსაძებნად
  2. Offer (შეთავაზება): DHCP სერვერი კლიენტს სთავაზობს IP მისამართს
  3. Request (მოთხოვნა): კლიენტი ითხოვს შემოთავაზებული IP მისამართის გამოყენებას
  4. Acknowledge (დადასტურება): DHCP სერვერი ადასტურებს მოთხოვნას და თავის ბაზაში შესაბამის IP მისამართს გაცემულად მონიშნავს.

DHCP კლიენტებმა პერიოდულად უნდა მიმართონ DHCP სერვერს, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ იჯარით მიღებული IP მისამართი კვლავ მათ ეკუთვნით. იჯარის განახლების პროცესი არის ზემოთ მოყვანილი პროცესის მესამე და მეოთხე ეტაპი (მოთხოვნა და დადასტურება). მაგალითად, Windows Server-ის DHCP სერვისის შემთხევაში კლიენტი IP მისამართის დადასტურებისთვის სტანდარტულად 8 დღეში ერთხელ მაინც უნდა მიმართოს. თუ დათქმულ ვადაში კლიენტი სერვერს არ მიმართავს, სერვერი უფლებამოსილია მისამართი სხვა კლიენტს მისცეს.

რიგ შემთხვევაში ადმინისტრატორები DHCP სერვერის კიდევ ერთ ფუნქციას – დარეზერვებას იყენებენ. დარეზერვების შედეგად DHCP სერვერი დარეზერვებულ IP-ს ყოველთვის კონკრეტულ კომპიუტერს აძლევს. დარეზერვება როგორც წესი ხდება კონკრეტული კლიენტის MAC მისამართის გასაცემ IP მისამართთან ასოცირებით. კომპიუტერზე ან სხვა კლიენტზე IP-ს სტატიკურად გაწერას ჯობია იგივე მისამართი DHCP სერვერზე დავარეზერვოთ. საჭიროებისამებრ ამ სტატიკური აიპის შეცვლა ასევე ცენტრალიზებულად იქნება შესაძლებელია DHCP სერვერის კონფიგურაციიდან.

DHCP სერვისის გამოყენების სამი მაგალითი

SOHO ქსელი

SOHO (მცირე ოფისის/სახლის ოფისის) როუტერებს, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიყენებთ სახლში, თითქმის ყოველთვის აქვთ DHCP სერვერის ფუნქციონალი. სახლის მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად დაამატონ სხვადასხვა მწარმოებლის მოწყობილობები თავიანთ ქსელში ტექნიკური ცოდნის გამოყენების გარეშე.

ზოგიერთი SOHO როუტერი ორ ქსელსაც კი გვთავაზობს – სტანდარტულს  და Guest-ს, რომელიც განკუთვნილია მოსული სტუმრებისთვის და არ აქვს წვდომა სტანდარტული ქსელის კლიენტებთან და მათ რესურსებთან.  DHCP IP მისამართის იჯარის ვადები შედარებით ხანგრძლივია სტანდარტული ქსელისთვის, ხოლო Guest ქსელის შემთხვევაში კი როგორც წესი შედარებით მოკლეა

კაფის/რესტორნის ქსელი

თანამედროვე კაფეები და რესტორნები თავიანთ მომხმარებლებს Wi-Fi-ს სთავაზობენ.  ზოგიერთი მათგანი კი Wi-Fi-ის საშუალებით ქსელურ პრინტერებსა და სმარტ დაფების დამატებითი სერვისსაც ნერგავს ბიზნეს შეხვედრების წახალისებისთვის.

ისევე როგორც SOHO ქსელებში, DHCP-ის წყალობით ქსელის შესაბამისი კონფიგურაცია მარტივდება და არ საჭიროებს დიდ ტექნიკურ ცოდნას.

DHCP IP მისამართის lease time (იჯარის ხანგრძლივობა) ასეთ ობიექტებში შედარებით მოკლეა (შესაძლოა ერთი საათიც იყოს), რადგან მომხმარებლების უმეტესობა ადგილზე  მხოლოდ ხანმოკლე დროით ჩერდება.

მსხვილი ბიზნესი

DHCP მნიშვნელოვან დროს ზოგავს  მსხვილი ბიზნესის ქსელის შემთხვევაშიც. წარმოიდგინეთ გაყიდვების დეპარტამენტი 100 ადგილით, რომელიც აღჭურვილია სტანდარტული დესკტოპ კომპიუტერებით. DHCP-ის გარეშე, ადმინისტრატორებს მოუწევდათ თითოეულ კომპიუტერთან მისვლა IP მისამართის ხელით გასაწერად. ამ დროს არაა გამორიცხული მთელი რიგი შეცდომები (არასწორი/დუბლიკატი IP მისამართების გაწერა). გარდა ამისა, თუ რომელიმე კომპიუტერი შეიცვლება, ახალმა კომპიუტერმა უნდა მიიღოს ზუსტად იგივე კონფიგურაცია, რაც ზრდის სისტემის მუშა მდგომარეობაში დაბრუნების დროს.

DHCP-ის შემთხვევაში ცალკეული კომპიუტერები ავტომატურად იღებენ საჭირო კონფიგურაციას. DHCP სერვერი არ უშვებს ადამიანურ შეცდომებს და არ გასცემს დუბლიკატ მისამართებს (სერვისი მოიცავს დუბლიკატების შემოწმების მექანიზმსაც). როდესაც ადმინისტრატორები ცვლიან გაფუჭებულ კომპიუტერს, ახალი მოწყობილობა ავტომატურად აიღებს ვალიდურ IP მისამართს.