იმ შემთხვევისთვის,  თუ  არასოდეს გსმენიათ Windows Server-ის შესახებ,  პირველ რიგში გეტყვით რომ Windows Server არის ოპერაციული სისტემების ხაზი, რომელიც სერვერებისთვის იქმნება,  რაც  ნიშნავს რომ ის ძირითადად ბიზნესისთვის გამოიყენება.

პირველი Windows Server შეიქმნა 2000 წელს,  თუმცა მაიკროსოფტის ოპერაციული სისტემა სერვერებისთვის,  მანამდეც არსებობდა სხვა დასახელებებით, მაგალითად Windows NT 4.0.

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ მომხმარებელს შეიძლება გაუჭირდეს  Windows Server და Windows OS გაარჩიოს ერთმანეთისგან, რადგან ხშირ შემთხვევაში, მათ შორის დიდი ვიზუალური განსხვავება არც არის. Windows Server-ს ყველა გამოშვება, როგორც წესი,  შეესაბამება ვინდოუსის სამომხმარებლო ვერსიას. მაგალითისთვის, Windows Server 2003  არის,  Windows XP-ს სერვერული ვერსია. ხოლო Windows Server 2016 და 2019, windows 10-ს სერვერული ვერსიაა. ერთზეც და მეორეზეც შეგიძლიათ გადმოწეროთ  პროგრამები, ვთქვათ Google Chrome  და დააყენოთ, თუმცა რეალურად, მათ შორის უფრო მეტი განსხვავებაა,  ვიდრე საერთო.

ზუსტად რა განსხვავებებია მათ შორის? ქვევით რამდენიმე მათგანზე ვისაუბრებთ.

ვინდოუს სერვერს ნაკლები ტექნიკური შეზღუდვა აქვს. როგორც წესი არავინ ღელავს იმაზე, თუ, რა რაოდენობის ოპერატიული მეხსიერება(RAM) შეუძლია გამოიყენოს  ოპერაციულმა სისტემამ, რადგან Windows 10 Pro იყენებს  2TB -მდე ოპერატიულ მეხსიერებას, რაც ძალიან ბევრია ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის.

თუმცა, Windows Server-ში შესაძლებელია 24 TB -მდე  RAM ჩავაყენოთ. ის ასევე გვაძლევს შესაძლებლობას 64 CPU (ანუ 64 ცალი პროცესორი) ვამუშაოთ, მაშინ, როცა Windows 10 Pro-ს მაქსიმუმ 2 პროცესორის გამოყენება შეუძლია.      ასეთი ტექნიკური შესაძლებლობებით, Windows Server იძლევა საშუალებას, ასობით ვირტუალური მანქანა ავაწყოთ ერთ სერვერზე და ერთ კომპანიაში დასაქმებულ უამრავ ადამიანს, მივცეთ საშუალება იმუშაონ  სერვერზე შეუფერხებლად.

ტექნიკური მახასიათებლების გარდა, მათ შორის დიდია განსხვავება პროგრამულ დონეზეც. მაგალითად,  ვიდრე რომელიმე პროგრამას, რომელსაც Windows OS ზე იყენებთ, თქვენი სერვერისთვის გადმოწერდეთ,  უნდა დარწმუნდეთ თავსებადია თუ არა ის ვინდოუს სერვერთან.

რადგან Windows Server ძირითადად ბიზნესისთვის გამოიყენება, მას აქვს უამრავი საწარმოო ფუნქცია,   ქვევით რამდენიმე ძირითად მათგანს გიჩვენებთ.

  • Active Directory – Active Directory არის მომხმარებლების მართვის სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს სერვერს იმოქმედოს როგორც დომეინ კონტროლერმა. ანუ,  მომხმარებლის კომპიუტერთან მისვლის გარეშე, შეგვიძლია ვმართოთ მისი ანგარიში სერვერიდან.
  • DHCP – Dynamic Host Configuration Protocol, ეს არის პროტოკოლი რომელიც სერვერს საშუალებას აძლევს, ყველა ქსელში არსებულ მოწყობილობას მისცეს IP მისამართი ავტომატურად. სახლში იგივე ფუნქციას თქვენი როუტერი ითავსებს,  თუმცა IT სფეროში, DHCP სერვერის მრავალფუნქციურობა დიდ სარგებელის მომტანია.
  • File and Storage – ფაილ სერვერის ქონა კომპანიაში, კიდევ ერთი საჭირო ფუნქციაა, რაც საშუალებას გვაძლევს გვქონდეს ყველა მნიშვნელოვანი ფაილი ერთ ლოკაციაზე და ვმართოთ ვის ქონდეს მათთან წვდომის უფლება და ვის არა.
  • Windows Update Services – ხშირად, კომპანიებში, სხვადასხვა მიზეზით, არ უნდათ რომ ყველა ვინდოუსის აფდეითი ერთდროულად გაკეთდეს, ეს ფუნქცია საშუალებას გვაძლევს სერვერიდან ვაკონტროლოთ ვინდოუსის განახლების პროცესი.

საბოლოოდ ვნახეთ,  რომ მიუხედავად იმისა რომ ორივე ოპერაციული სისტემა,  ასე ვთქვათ ერთ ძრავაზეა აგებული,  მათი გამოყენების მიზანი სხვადასხვაა.

Windows OS მაქსიმალურად არის მომხმარებლის  კომფორტზე მორგებული,  სწრაფად მოდის განახლებები, ადვილია აპლიკაციების დაყენება,  პარამეტრების შეცვლა და შემდეგ ამ პარამეტრების გადატანა სხვა კომპიუტერზე მაიკროსოფტის ექაუნთის მეშვეობით და ა.შ. Windows server -ში ეს ყველაფერი არ გვაქვს. მისი მთავარი მიზანი  მრავალფუნქციურობა და ბევრი სერვისის ერთდროულად,  შეუფერხებლად მუშაობაა.